ბლოგი

მითხარი როგორი კარი გაქვს და გეტყვი ვინ ხარ შენ

„ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა“ ამბობს პოპულარული ფრაზა. კარი სახლის ის მნიშვნელოვანი ელემენტია, რითაც შენს „ციხესიმაგრესთან“ დაკავშირებას იწყებ.  არის შემთხვევები როდესაც კარების მიხედვით ხვდები რას უნდა ელოდო ზღურბლს მიღმა: ხის კარია? იქნებ ინტერიერი ვინტაჟურია... რკინის არის? იქნებ, სახლის პატრონი რაღაცას საგანგებოდ იცავს... მინის კარია? ე.ი ყველასთვის ღიაა... ხშირად ვჩერდებით კარის წინ და ვფიქრობთ, შევაღოთ თუ უკან გავბრუნდეთ, გაგვიღებს თუ არა ვინმე კარებს. კარი გვიქმნის პირადი სივრცისა და დაცულობის განცდას. კარის ჩაკეტვა, კარზე კაკუნი ყოფითი ოპერაციებია, კონკრეტული დატვირთვით. ანტიკურ ხანაში კარს „ლიტერატურული კარიბჭის“ მნიშვნელობაც ჰქონდა, იმ თვალსაზრისით, რომ  ლიტერატურა საშუალებას გაძლევდა ერთი სამყაროდან მეორე სამყაროში „შეგეღო კარი“.

კარის შეღებისას დღეს სახლში შედიხარ, მაგრამ კარი არ არის ის ატრიბუტი, რომელიც მხოლოდ სახლთანაა დაკავშირებული. ძველად, როცა ქალაქ-სახელმწიფოები უშველებელი კედლებით იყო შემოზღუდული, კარის/კარიბჭის გადალახვა იგივე სახელმწიფოში შესვლას ნიშნავდა. ყველას გვსმენია არა ერთი ბრძოლის ისტორია, როგორ ცდილობდა უზარმაზარი ჯარი მტრის კარის შემტვრევას, როგორი იმედი ჰქონდა ქვეყანას, რომ მისი კარიბჭე სამშობლოს დაიცავდა. რამდენი იმპერატორი შესულა დაპყრობილი ქალაქის კარში ტრიუმფით. თუნდაც ტროას ომში, კარის გაღებამ გამოიწვია მისი განადგურება. ან და გავიხსენოთ თუნდაც გალავნის ზღუდეში დატანებული თბილისის კარები,  რომლის საშუალებით თბილისი გარე სამყაროსთან პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობას ამყარებდა.

დარიალის კარი? ყოველგვარ კავშირს ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ის განსაზღვრავდა. რასაკვირველია, ყველამ კარგად იცის როგორ გადაიარა ვახტანგ გორგასალმა ეს კარი, რამდენჯერ შემოსულან იქიდან მოკავშირე სარმატ-ალანები ქართველთა მტრებთან საომრად, როგორ ცდილობდნენ რომაელები, პართიელები თუ სხვანი მის დაპატრონებას.

კარების მნიშვნელობას ხელოვნებაშიც არა ერთგზის ვხვდებით. მაგალითად გავიხსენოთ ფრანსუა-ოგიუსტ რენე როდენის დიდებული, მონუმენტური სკულპტურა „ჯოჯოხეთის კარიბჭე“, რომელზე მუშაობასაც მან 37 წელი შეალია. როდენის შთაგონების წყარო დანტე ალიგიერის შემოქმედება იყო. მოქანდაკეს განსაკუთრებით უყვარდა ალიგიერის უკვდავი ქმნილება „ღვთაებრივი კომედია“ და სწორედ ამიტომ გამოსახა კარზე დანტეს პერსონაჟთა ნაწილი. „ჯოჯოხეთის კარიბჭე“ უნდა ყოფილიყო „საფრანგეთის დეკორატიული ხელოვნების მუზეუმის“ ცენტრალური შესასვლელი კარი.

კარი ხშირად გვაწვდის ინფორმაციას თუ ვინ გვესტუმრა. ოჯახის ყველა წევს დამახასიათებელი კარზე კაკუნის ჩვევა აქვს. მისი მეშვეობით ხშირად ვხვდებით გაბრაზებული სახით დაგვხდება შესასვლელთან, თუ დაღლილი.

ერთი შეხედვით მარტივად შესარჩევ ნივთს, შენზე ბევრის თქმა შეუძლია. გემოვნება, ფინანსური მდგომარეობა, წინდახედულობა და ა.შ.

ასე, რომ სანამ შენს სახელმწიფოს კარიბჭეს შეურჩევდე, გაიხსენე, რომ ამ კარს შინ, შენს ციხესიმაგრეში შეჰყავხარ...